თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება. კანონებში ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებების ინიციატორი ,,ქართული ოცნებაა”.
,,გასათვალისწინებელია, რომ თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევ მესამე მიზეზადაა დასახელებული. კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის, ზოგადად აღნიშნული დარგის, გაჯანსაღება/გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, აუცილებელია დაწესდეს თამბაქოს მწარმოებელთათვის საქმიანობის მაღალი მოთხონები.
თამბაქოს წარმოების პროცესში მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ინდუსტრიის მქონე მწარმოებლების მიერ თამბაქოს წარმოება საგრძნობლად ამაღლებს მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებს, მაშინ როდესაც თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ ნაწარმის წარმოება ქმნის უდიდეს რისკს მწეველთა ჯანმრთელობისთვის. სწორედ აღნიშნული მაღალი სტანდარტის მისაღწევად საჭიროა, რომ თამბაქოს წარმოება გახდეს ლიცენზირებადი საქმიანობა”, – წერია განმარტებით ბარათში.
წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, თამბაქოს წარმოება გახდება ლიცენზირებადი საქმიანობა, განიმარტება თამბაქოს წარმოებს ლეგალური დეფინიცია და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.