,,პრეზიდენტს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან” – ირაკლი ზარქუა

გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ზურაბიშვილი ასევე მოითხოვს განხილვის დასრულებამდე შეჩერდეს კანონის ამოქმედება.

პარალელურად, საკონსტიტუციოში მიმდინარე კვირას იგეგმება ანალოგიური სამოქალაქო საზოგადოების სარჩელის შესვლა. 150 ორგანიზაცია, პრეზიდენტის მსგავსად, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზეა აკეთებს აქცენტს.

,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს გაასაჩივრებდა.

,,როდესაც ამ კანონს ვაინიცირებდით, ზუსტად ვიცოდით, რომ უცხოური გავლენის აგენტურა ამ კანონს შემდეგ გაასაჩივრებდა. როგორც მოლოდინი გვქონდა, პირველი არის პრეზიდენტი, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული კონსტიტუციის დარღვევაში და ეს დადასტურებულია. მას არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის გაასაჩივრებდა, ამას ველოდებოდით.

მობრძანდნენ ჩვენ არგუმენტებს წარვადგენთ, რატომ უწყობს ხელს ქართული კანონის მიღება სუვერენიტეტის განმტკიცებას, თავისუფლებას და რატომ არის ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებში,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები