ენმ-ის თავმჯდომარემ მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია დანიშნა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მოადგილეებად გენერალი ზაზა გოგავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია დაასახელა.

მისი განცხადებით, ეს ინსტიტუციური ცვლილება არჩევნებამდე 3 თვით ადრე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ბრძოლაში, რომელიც ქართული ოცნების დამარცხებას გულისხმობს.

„26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. მჯერა ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. არჩევნებამდე დარჩა 106 დღე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში, რათა გვქონეს ყველაზე ეფექტური კამპანია, ყველაზე გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამ არჩევნებისთვის, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისათვის.

მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთან ერთად გაუძღვება ზაზა გოგავა, როგორც ჩემს მიერ დანიშნული მოადგილე. ამასთანავე მივიღე გადაწყვეტილება, მოადგილის როლში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება პარტიის მაქსიმალურად გახსნას ახალგაზრდებისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მისი მოადგილე ასევე იქნება ის ადამიანი, რომელსაც ქალთა ორგანიზაცია თავმჯდომარედ აირჩევს.

„ამავე პრინციპით, მივიღე ასევე ინსტიტუციური გადაწყვეტილება და ვთხოვ „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციას, აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, რაა როლსაც მე ვიკავებდი ჯერ კიდევ 2017 წლიდან, რაც ძალიან მეამაყება. მათ მიერ შერჩეული კანდიდატი ასევე დაიკავებს ჩემი მოადგილის პოზიციას“- აღნიშნა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები