„ხახვს, ნიორს, ფქვილს, ჰიპნოზს, ყველაფერს მათ აბრალებენ“ – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამომრჩევლების მხრიდან ოპონენტების ნაკლებ მხარდაჭერაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ის შედეგია, რაც მათ დაიმსახურეს.

მისივე განცხადებით, ოპონენტები მოსახლეობის მხრიდან ნაკლებ მხარდაჭერას ყველაფერს აბრალებენ, საკუთარი თავის გარდა: „ჩვენი ოპონენტები, შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს – ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი. ადამიანი, რომელიც ჩასჩურჩულებს მეორე ადამიანს 41 შემოხაზოს, ძველ ბიჭებს, რასაკვირველია, სხვა გარემოებებს და არა საკუთარ თავს”- განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დაამჩნია წარსულმა, იქნება ეს ადამიანის უფლებების თუ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სხვა სფეროები, უფრო მეტიც, არათუ შეაფასეს საკუთარი თავი, არათუ შალვა შავგულიძის სახით ჩამოიცილეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს თავად შალვა შავგულიძის რენომე, თუკი რაიმე კიდევ ჰქონდა შერჩენილი სააკაშვილთან ალიანსის შემდეგ.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ საზოგადოებამ გამოავლინა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური ნიჭი, ცნობიერება, ვითარების შეფასების უფრო გაცილებით მაღალი უნარი, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია და ამჟღავნებს.

მსგავსი თემები