“სამ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია” – თამარ ჩუგოშვილი სასამართლო რეფორმაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, სამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია.

„მოხდა შეთანხმება და უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიც არის დისციპლინური პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში, ანუ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მაშინ, როდესაც შესაძლებელია ადგილი ქონდეს დისციპლინურ გადაცდომას, საქართველოს სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლი და მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების გაჯანსაღება და ასევე მესამე საკითხი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მართვის და ოპერირების წესები” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის თემაზე, წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე დისკუსიები და დებატები იყო.

„ჩვენ, წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ საკითხებზე შეთანხმებას და ძალიან მიხარია, რომ, როგორც ჩანს, ის პროექტი, რომელზეც იყო შეთანხმება, სულ მალე იქნება ინიცირებული. პრინციპში, ამ სამივე მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს შემოგვთავაზებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, ამ კანონპროექტის დაინიცირებასთან ერთად, მიღწეული იქნება ის შედეგი, რომ ყველაზე მკვეთრად, მკაფიოდ იდენტიფიცირებული არსებული პრობლემები საბჭოს საქმიანობის თუ მართლმსაჯულების მართვის კუთხით არსებული, საკანონმდებლო დონეზე სწორი ცვლილებებით იქნება პასუხ გაცემული” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები