რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი თაღლითების მიერ დაგზავნილ შეტყობინებებზე

ბოლო დროს, დაღლითური სქემების გააქტიურება შეინიშნება. უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე მოსახლეობას აფრთხილებს და რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს:

„ფოსტის სახელით მოსულ სმს გზავნილები ისევ აქტუალურია, სამწუხაროდ. მიმდინარეობს თაღლითური კამპანია, რომლის დროსაც, SMS -ის საშუალებით მომხმარებლები იღებენ შეტყობინებას, თითქოსდა, საქართველოს ფოსტა ითხოვს მისამართის დაზუსტებას ამანათის ჩასაბარებლად.

გზავნილზე აპელირება მაცდურია (ნახევარი საქართველო ონლაინ შოპინგობს, ან გზავნილს ელის ემიგრანტისგან), მაგრამ დააკვირდით ინდიკატორებს, რომლებიც მიგვანიშნებენ თაღლითობაზე: შეტყობინება მოსულია კერძო ნომრიდან, რაც, ჩვეულებრივ, არ ხდება ხოლმე.

ტექსტის გაუმართაობა თვალშისაცემია. ასე ქართული ოფიციალური სტრუქტურა, უბრალოდ, ქართული ვისთვისაც მშობლიურია, არ წერს.

ბმულის „არარესპექტაბელური“ სახე პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს არაა ოფიციალური გზავნილი.

არ გადახვიდეთ ბმულზე, ასეთ დროს, გარდა იმისა, რომ თანხა ჩამოგეჭრებათ, შესაძლოა, მთელი თქვენი ტელეფონი ან კომპი, ყველა პროგრამის, მათ შორის მობაილ-ბანკის პაროლით და ყველა ფაილით, სურათით, ვოისით, ვიდეო-მიკროფონებით აღმოჩნდეს სხვის ხელში;

მით უმეტეს, არ შეავსოთ რეალური მისამართის ველები – ვირტუალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლოა, ფიზიკური ანგარიშსწორების, ან რაიმე თაღლითური გარიგების მსხვერპლი გახდეთ.

თუ შეცდით და ბმულზე გადახვედით, ტყეში დაკარგულივით სირცხვილით ხის ქვეშ ნუ ჩამოჯდებით და სიკვდილს ნუ დაელოდებით (ეგ ფილმი მიყვარს), გამოცვალეთ პაროლები, მიუთითეთ აქტიური სესიის დასრულება ყველა გაჯეტში, გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, (სასურველია, არა იმ გაჯეტიდან, რომელშიც შეასრულეთ თაღლითის თხოვნა), აცნობეთ ბანკს, რომ გახდით თაღლითობის მსხვერპლი, ასევე, მეგობრებს, რომ შესაძლოა, თქვენი მესინჯერიდან თანხის ან ინფორმაციის მოთხოვნის შეტყობინება მიიღონ,“ – წერს ანდრო გოცირიძე.

მსგავსი თემები