“ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ეზრა ზეიას შეხვდა და მასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა.

ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე “პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა”.

“საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის.

საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.

შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვისას საუბარი შეეხო სამხედრო წვრთნების გადადებას და მის შესაძლო შედეგებს.

განხილულ იქნა „ქართული ქარტიის“ მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმაა, რათა უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები.  ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები