,,სასამართლო ისეა დაზიანებული, რომ მისი რესტავრაცია შეუძლებელია, უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს” – კახა წიქარიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევმა კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, კახა წიქარიშვილმა, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ დღევანდელი სასამართლო დაზიანებულია და გამართულად ფუნქციონირებისთვის, საჭიროა, ის თავიდან აშენდეს.

,,საბჭოს წევრის ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ინფორმაციის გამოტანა სისტემიდან. ჩვენ არ ვიცით მასშტაბები, ჩვენ არ ვიცით სისტემა რა დონეზეა დაზიანებული. ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით, რადგან ბევრი ანგარიში დაგვიწერია, იმდენი გვიმუშავია, რომ თითქმის სისტემა ხელის გულზე გვყავს. სინამდვილეში, ჩვენ არ ვიცით მასშტაბები, ჩვენ არ ვიცით რა დონეზე ხდება ჩაწყობები, არ ვიცით რა დონეზე მოუწიათ მოსამართლეებს გარიგებაში შესვლა, რა დონის დათმობებზე წავიდნენ, რომ კლანთან შესულიყვნენ გარიგებაში. თუ ეს სურათი ჩვენ გვექნება, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ რეალობის წინაშე. დღევანდელი სასამართლო ისეა დაზიანებული, რომ მისი რესტავრაცია არის შეუძლებელი, ამიტომ უნდა დაინგრეს და თავიდან იქნეს აშენებული”, – თქვა კახა წიქარიშვილმა.

გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ კომისია პრეზიდენტს წევრობის კანდიდატთა შესახებ რეკომენდაციების წარუდგენს. სალომე ზურაბიშვილი კი 15 ივლისს ერთ-ერთ მათგანს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნავს.

მსგავსი თემები