,,მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში. ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის” – ირაკლი ჩიქოვანი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვასა და თავდაცვის უწყებისთვის დაფინანსების შეჩერებას შეეხებოდა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სჭირდება გააზრება და მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში.

„ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის. საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში არსებული სხვადასხვა საკითხი, რომლებზეც არსებობს განსხვავებული პოზიციები, უნდა შეჯერდეს და პოზიციები, საბოლოო ჯამში, უნდა დაახლოვდეს. ამის შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ და ამის მოლოდინიც გვაქვს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ, აშშ-ის მხრიდან „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნის გადადებასა და მეორეს მხრივ, ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდის რესურსების ხელმისაწვდომობას, ირაკლი ჩიქოვანმა დასანანი და გაუგებარი უწოდა.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ წვრთნები და განსაკუთრებით, საერთაშორისო წვრთნები, ატარებენ კონკრეტულ სარგებელს როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-სთვის და ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში იღებს მონაწილეობას, რადგანაც ხელს უწყობს ერთის მხრივ, ჩვენი ურთიერთთავსებადობის გაზრდას, მეორეს მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე, საშუალებას იძლევა, რომ გავიცნოთ, თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს. შესაბამისად, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და გვქონდეს ამაზე კოორდინირებული რეაგირება“, – განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის თქმით, დღესაც საქართველოს აშშ-სთან თანამშრომლობის ბევრი ფორმატი აქვს, რომელზეც განცხადებები ამერიკული მხარის მხრიდანაც გაკეთდა.

„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც გრძელდება და რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე გეტყვით იმას, რომ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მსგავსი თემები