,,გადავწყვიტეთ, ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ” – ფიშერი

,,გადავწყვიტეთ, ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, გერმანიიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არაა”, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა.

ელჩი ესწრება საერთაშორისო კონფერენცაის ,,ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”. ამავე ღონისძიებაზე გუშინ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია და რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მლნ ევრო გაყინა.

,,რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვაწარმოებთ. როგორც იცით, ჩვენ ძალიან ფართო და ღრმა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის.

ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ”, – თქვა ელჩმა.

მსგავსი თემები