ერდოღანი მოუწოდებს ნატოს, არ გახდეს რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ში ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ერთიანობას, თუმცა, ალიანსი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მონაწილე არ უნდა გახდეს.

„ამ სამიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ის ნატოს დაარსების 75 წლისთავს ეძღვნება. ჩვენ დავაკვირდებით იმ გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომელიც გასულ წელს ნატოს ვილნიუსის სამიტზე იყო მიღებული. ჩვენ ასევე გავმართავთ მოლაპარაკებებს ნატოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან, ავსტრალიის, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ახალი ზელანდიის ჩათვლით“, – განუცხადა ერდოთანმა ჟურნალისტებს ანკარის ესენბოღას აეროპორტში.

სამიტის ბოლო სესია ნატო-უკრაინის საბჭოს ფორმატში შეხვედრას დაეთმობა. „ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომელიც ნატოს უკრაინის დახმარების პარალელურად არ რთავს ნებას, გახდეს კონფლიქტის მხარე“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი იყო და ორ ქვეყანას შორის ტყვეების გაცვლას შეუწყო ხელი. თურქეთი ასევე მარცვლეულის შეთანხმების შუამავალიც იყო და დღემდე ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.

მსგავსი თემები