ცენტრმა „აფხაზეთმა“ უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლა

6 ივნისს საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ უკრაინული დელეგაცია ეწვია. ორგანიზაციამ სტუმრებს დევნილთა და ზოგადად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ არსებული გამოცდილება გაუზიარა.

უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის მხარეში მომუშავე ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიოდნენ. როგორც დელეგაციის წევრმა ტატიანა სირაევამ აღნიშნა, იძულებით გადაადგილებულებისთვის შესაბამისი პლატფორმის შექმნა აუცილებელია: „ჩვენი ჩამოსვლის მიზანია თქვენი გამოცდილების გაცნობა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ ადამიანებთან მიმართებით თქვენმა ქვეყანამ სამი ათწლეულის მანძილზე დააგროვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სათანადო პლატფორმა. გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესოა მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით არსებული თქვენი პროექტები. ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ამ მიმართულებით და შეგვიძლია ჩვენს გამოცდილებაზეც მოგიყვეთ.“

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელებმა უკრაინელ კოლეგებს საარსებო წყაროების, მშვიდობის მშენებლობისა და ბავშვთა მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სტუმრებს ორგანიზაციის ისტორიაზე, სტრატეგიულ პროგრამებსა და მიდგომებზე გაუზიარა ინფორმაცია.

„ცენტრი „აფხაზეთი“ 1995 წლიდან მუშაობს. ჩვენ მოღვაწეობა დევნილი თემების პრობლემებზე ზრუნვით დავიწყეთ და ვფიქრობ ძალიან მდიდარი გამოცდილებაც დავაგროვეთ. ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა არცერთი წელი, რომ ჩვენ არ გვემუშავა სხვადასხვა პროექტებით დევნილ თემთან. საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, სადაც დევნილი მოსახლეობის მაღალი კონცენტრაციაა, ჩვენ ოფისებით ვართ წარმოდგენილი. დღეს ჩვენ გამოცდილებას გარდა დევნილი მოსახლეობისა საქართველოში სხვა მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობისას ვიყენებთ“, – აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნუკრი მილორავამ.

უკრაინული დელეგაცია თბილისის გარდა ეწვია გორს, ქუთაისს, ზუგდიდს და ჰქონდა შეხვედრები ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების, დევნილთა თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის და დევნილი თემის წარმომადგენლებთან. ზუგდიდში ყოფნისას კი ისინი ეწვივნენ სოფელ განმუხურის გამყოფ ხაზს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი გამოცდილების და რეკომენდაციების გაზიარება. ჩვენ ყველანი ვმუშაობთ იმისთვის რომ მთავრობამ, სამოქალაქო ნაწილმა და უბრალო ადამიანებმა დაიწყონ ერთმანეთში საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ საუბარი საერთო გადაწყვეტილებების მიღებაზე და საერთო პრობლემებზე“ – ტატიანა სირაევა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ უკრაინისთვის ქართული გამოცდილების გაზიარების პროცესში 2017 წლიდან არის ჩართული. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აქტიურად მონაწილეობს მრგვალი მაგიდის სხდომებში, კონფერენციებსა თუ პირისპირ შეხვედრებში.

„ჩვენი ორგანიზაცია ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. შეხვედრებისას უკრაინელების ძირითად ინტერესს საარსებო წყაროების და ნდობის აღდგენის მიმართულებით არსებული გამოცდილებით ინტერესდებიან, ყველაზე მეტი კითხვები სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების მიმართ აქვთ. ჩვენ უკრაინულ მხარესთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებში მომავალშიც მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენს გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებთ მათ,“ – ნუკრი მილორავა.

მსგავსი თემები