„ლგბტ-ები მრევლშიც მყავს, ცოლ-შვილიანებიც არიან, ამ ცოდვიდან გამოსვლა რთულია, თუმცა, გამოდიან“ – დეკანოზი

„მე მრევლში მყავს ასეთი ხალხი. ყველაზე მეტ ყურადღებას მათ ვაქცევ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ აქედან ამოვიდნენ და მადლობა ღმერთს, ცდილობენ და გამოდიან. ჩემთვის მრევლი უძვირფასესია და მინდა, რომ გვერდში დავუდგე. წარმოიდგინეთ, თავიან შეკრებებზე გვიცავენ ჩვენ. იმიტომ, რომ დაინახეს ეკლესია როგორი თბილი და ტკბილია, ოღონდ მონანიებული ქრისტიანებისათვის“ – განუცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ასეთ ადამიანებს გვერდში დგომა სჭირდებათ რომ ამ სენს გაუმკლავდნენ.

„ადამიანს აქვს სინდისი. როცა მას სინდისი არ ასვენებს, მოდის ეკლესიაში. ასეთ ადამიანს გვერდში უნდა დაუდგე, აუხსნა, უთხრა, რომ ღმერთს ყველა უყვარს და ყველაზე დიდი ცოდვილები, დიდ წმინდანებად ქცეულან ეკლესიის ისტორიაში. სამოთხეში პირველი ავაზაკი კაცის მკვლელი მოხვდა. ეს არის სენი და მას უნდა ახსნა, გვერდში დგომა“ – განუცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“.

კითხვაზე, ლგბტ თემის წარმომადგენლები აღსარებისას აღიარებენ თუ არა, რომ ეს სენია და თავის დაღწევა უნდათ, დეკანოზმა უპასუხა, რომ აღიარებენ და ცდილობენ: „ამ ცოდვიდან გამოსვლა საკმაოდ რთულია. მყავს ასეთი მრევლი, ვაზიარებ და ძალიან დიდი ბრძოლები აქვთ საკუთარ თავთან. ჩვენ მათ ვეხმარებით ყველანაირად. ცოლ-შვილიანებიც მყავს ასეთები და გვერდში ვუდგებით. არავინ იცის, მისმა ცოლ-შვილმაც არ იცის. მარტო მოძღვარმა და ღმერთმა იცის.“

როგორც დეკანოზმა გვითხრა, ღმერთმა, შერიგების ნიშნად ცისარტყელა გამოაჩინა და თუ ადამიანს სინანული ექნება და სენისგან თავის დაღწევას შეეცდება, ეკლესიის დახმარებით, ეს მას გამოუვა.

„ისინი აღსარებაში ყველაფერს ამბობენ. ჩვენ მათ სასჯელებს ვაძლევთ, ვეხმარებით. რაღაცას სწავლობენ, წვალობენ. ეკლესია ყველას დედაა. როგორც დედას თავისი შვილები უყვარს, ესე გვიყვარს ჩვენ ყველა და ვეხმარებით. ოღონდ, უნდა გამოვიდნენ“ – განუცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები