„5 მილიონიანი ერი 3 მილიონამდე შეამცირეს, ხელისუფლება არ ამართლებს, მონარქის დროა“

“ჩვენ გვჭირდება ისეთ ცვლილებები, რომელიც შეაჩერებს ქვეყნის უკუსვლას, გვჭირდება ისეთი კონსტიტუციური, სამართლებრივი და მორალური ცვლილებები, როდესაც ქართველი ერი თავისი ქვეყნის შვილი გახდება და თავისი ქვეყნის მოსამსახურე გახდება. ჩვენ გვჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც ამ ფუნქციას შეასრულებენ. ზუსტად ამიტომ მივდივართ კონსტიტუციურ მონარქიამდე“ – „სამეფო კლუბი“ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს და მონარქის კურთხევისთვის საფუძველს ამზადებს.

„სამეფო კლუბის“ დამფუძნებელი გია ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლებების დამსახურებით, 5 მილიონიანი ერი 3 მილიონამდე შემცირდა, რაც უნდა დასრულდეს და ახალი, აღზევების ხანა მონაქრმა გააგრძელოს.

„ჩვენი წინადადება არის მარტივი და გამომდინარეობს იმ მოვლენებიდან რაც საქართველოში ხდება. 30 წლის განმავლობაში ვერცერთი ხელისუფლება საქართველოში ვერ ამართლებს. უფრო მეტიც, ის ირჩევს მტრულ დამოკიდებულებას საზოგადოების და ხალხის მიმართ. 1990 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 5 მილიონ 600 ათასი, გამოვრიცხოთ 100 ათასი რუსი სამხედრო და მათი ოჯახები, ეს არის 5 მილიონ ნახევარი. დღეს საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს სულ მცირე 7 მილიონ ნახევარი მაინც და ზრდის ნაცვლად ქვეყანა წასულია უკან – 3 მილიონ ნახევარი მოსახლე დარჩა. აქედან გამომდინარე, როცა გველაპარაკებიან რაღაც მაკროეკონომიკურ სპექტრზე, რაღაც ზრდაზე, ამიხსენით, თუ მოსახლეობა იკლებს, როგორ არის იქ ზრდა,“ – აღნიშნა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, შექმნილი მდგომარეობით „ვიღაც“ ხეირობს და „ვიღაც“ სუბიექტების გამდიდრების ხარჯზე ხდება ეს უბედურება.

„ევროპის ყველაზე სოციალურად წარმატებული ქვეყნები, მოგეხსენებათ უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე საფრანგეთი ან გერმანია. იგივე ლუქსენბურქი, მონაკო, ჰოლანდია, ბელგია, შვედეთი, ლიხტენშტეინი, ადამიანები იქ უფრო წარმატებულნი არიან. ჩვენ უნდა გადავიდეთ კონსტიტუციური მონარქიის წყობაზე. კონსტიტუციური მონარქია არის იგივე, როგორც რესპუბლიკაში პრეზიდენტი“ – აცხადებს ბურჯანაძე და მონარქის ფუნქციებსაც განმარტავს.

როგორც „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, მონარქის ფუნქციები შემდეგია: ის ემსახურება ხალხს და მასზე დაკისრებულია გარკვეული ფუნქციები. ემსახურება საგარეო პოლიტიკის წარმოჩენას; არის ადამიანის უფლებების დამცველი; ჯარის მთავარსარდალი; არ ექნება უფლება, ჩაერიოს ეკონომიკაში, საშინაო პოლიტიკაში.

„ვფიქრობ, როგორც „სააჯო კარი“ იყო ძველად, თუ ასეთი „სააჯო კარი“ იქნება, იქ, მეფის მხრიდან დანიშნული იქნება 5 წარმომადგენელი – ერთი აფხაზეთისთვის, მეორე აჭარისთვის, დანარჩენებს სახელმწიფო დანიშნავს. არჩევნების გაყალბება არ მოხდება, რადგან, თვითონ მთავარსარდალი არ იქნება დაინტერესებული ამით. ის ვერ ჩაერევა პოლიტიკაში ვიღაცის სასარგებლოდ და იქნება ადამიანების უფლებების დამცველი“ – აღნიშნა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები