ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ხობში, სპორტსმენის სახლში იპოვეს.
ნუგზარ წურწუმია 27 წლის იყო. ახლობლების ცნობით, სპორტსმენის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.
ნუგზარს, ემოციურად ემშვიდობებიან:
,,როგორ დაგვწყვიტე გული… უფალმა ნათელში გამყოფოს” ” ღმერთო რატომ, რა საოცარი ბიჭი იყო” “ძალიან მოგვენატრები…” – წერენ სოციალურ ქსელში.
,,მშვიდობით ოქროს ბიჭო! ეს რა დაგვემართა. მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა! უნიჭიერესი წურწიკა”, – წერს მაცაცო კევლიშვილი.
ცნობილი ქართველი მოჭიდავე 1997 წელს დაიბადა. მისი სპორტული კარიერა არაერთ გამარჯვებას ითვლის. 2019 წელს 55 კგ წონით კატეგორიაში მან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2022 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. არის მსოფლიოს პირველობის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.
ქართველმა მოჭიდავემ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა; 2018, 2020 და 2023 წელს კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.
ახალგაზრდა სპორტსმენი 23-წლამდელებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოს პირველობის ვიცე-ჩემპიონი, ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ნუგზარ წურწუმია არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი იყო. 2019 წელს ის ძალოსან ლაშა ტალახაძესთან, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანთან, მოჭიდავეებთან – გენო პეტრიაშვილთან, ბექა ლომთაძესა და ლაშა გობაძესთან ერთად საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.