14 წლის ბავშვი მოიტაცეს, რამდენჯერმე გააუპატიურეს, მოძალადე კი თავისუფალია – ტრაგიკული ისტორია

ეს საშინელი ისტორია თბილისთან ახლოს, საგარეჯოში ხდება. შემზარავი სურათი კი შემდეგია: 14 წლის გოგონა რამდენიმე კაცმა მოიტაცა, ფერმაში მიიყვანეს, 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს, ბიჭმა ის საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. შემდეგ კი უთხრა, რომ ის ცოლად უნდოდა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ბიჭის ნათესავებმა, დილით, გოგო თავის სახლში დააბრუნეს. ბავშვმა მშობლებს ყველაფერი უამბო და ოჯახმა იჩივლა.

საგარეჯოს პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება. მოძალადეს პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა, ის დღემდე თავისუფალია, მიმალვაშია.

გაუპატიურების შემდეგ, ძალადობის მსხვერპლ გოგონას 2 წელი სკოლაში არ უვლია. მას მოსწავლის სტატუსიც შეუწყვიტეს, თუმცა, ფსიქოლოგიური დახმარება მისთვის არავის გაუწევია.

მოძალადე და სექსუალური მანიაკი ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ნათესავია – მამის ბიძაშვილი. ამის შესახებ თავად ძალადობის მსხვერპლი ყვება: „მას ვიცნობ, მამაჩემის ბიძაშვილის შვილია, ძალიან ახლოს ვცხოვრობთ. მთელი ცხოვრებაა მას ვიცნობ. მისი ოჯახის წევრებსაც ვიცნობ, ისიც იცნობს ჩემი ოჯახის წევრებს. მის დასთან ვიყავით სანახავად, მეგობრებმა წამიყვანეს. იქ მოვიდა. მითხრა, მამაშენმა დაგირეკა ტელეფონზე, დამალაპარაკეო. მე ვუთხარი, მამაჩემს დარეკვა თუ უნდოდა, მეც მაქვს ტელეფონი და აქ დარეკავდა მეთქი. მან ხელი წამავლო და გარეთ ძალით გამიყვანა. ეზოში ორნი იყვნენ, კართან თეთრი ფერის მანქანა იდგა. იქაც მისი ორი ბიძაშვილი იყო. მანქანაში ძალით ჩამსვეს. ეზოში ვინც იყვნენ, დაინახეს, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. შველას ვთხოვდი, თუმცა არ დამეხმარნენ. ღამე, დაახლოებით 8 საათი იქნებოდა, ბნელოდა, მინდვრისკენ წამიყვანეს. ფერმა იყო, იქ მიმიყვანეს. არავინ იყო, შველა რომ მეთხოვა. ფერმაში კაცი დაგვხვდა. კარი გააღო. ერთმანეთს იცნობდნენ. ოთახში ძალით შემიყვანეს, ვყვიროდი და არ მივყვებოდი. შუქი არ იყო. ღუმელი იდგა და ცეცხლი ანათებდა მხოლოდ. ოთახში მე და ის ბიჭი დაგვტოვეს. კარი გარედან ჩაკეტეს, იმიტომ, რომ ერთხელ თვითონ რომ გავიდა გარეთ, დაუკაკუნა და ისე გაუღეს…. ხელები შემიკრა, საწოლზე მიმაბა და გამაუპატიურა.“

ამის შემდეგ, ბავშვი, იქვე, კიდევ ორჯერ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2015 წლის 7 დეკემბერს ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, გოგო გაუპატიურებულია.

2019 წლის 4 აპრილს, სახლიდან სკოლისკენ მიმავალი დაზარალებული გოგო, ბრალდებულმა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, სოფლის ცენტრიდან ისევ მოიტაცა და იმავე დღეს, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ 4 აპრილს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„გოგომ გამოხატა თანხმობა რომ შერიგებოდა, თავისი სურვილით შეურიგდა კაცს. მივიდა მის ოჯახში და თქვა, რომ მე ის ბიჭი მიყვარს. ნაწერიც არსებობს და თქვა, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები. რის საფუძველზე აწარმოებენ ამ, მეორე გამოძიებას?“, – კითხულობს ბრალდებულის ადვოკატი.

ადამიანის უფლებათა ცენტრს კი მიაჩნია, რომ სახელმწიფომ არასრულწლოვანი ვერ დაიცვა. „მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და საჯარო განცხადებებისა, რომ თითქოს ვებრძვით ძალადობას, ადრეულ ასაკში ქორწინებას და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და სასამართლომ არ დაიცვეს არასრულწლოვანი გოგო, ის განმეორებით გახდა ძალადობის მსხვერპლი. ის გარემოცვა, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება, მაღალი ალბათობით ზეწოლას ახდენს მასზე. ამის მოლოდინი არასრულწლოვანს და მის მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ. არაეფექტიანი რეაგირებით და საქმის გაჭიანურებით ბრალდებულს განმეორებით მისცეს დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა“, – უთხრა „რეგინფოს“ ადვოკატმა ლია ხუროშვილმა. მას თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან ურთიერთობა აღარ აქვს.

2019 წლის 2 მაისს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა დაზარალებული გოგოს და დედამისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება წარადგინა, რომ გოგოს აღარ აქვს და არც მომავალში ექნება პრეტენზია ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულის ადვოკატი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

მორიგი სასამართლო პროცესი სიღნაღის რაიონულ სასამართლოში 13 ივნისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.










მსგავსი თემები