დღეს, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
2024 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
მასწავლებლის გამოცდისათვის დარეგისტრირებულია 18 900-ზე მეტი აპლიკანტი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. 2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის მსურველები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრობის კანდიდატები 17-18 ივლისს ჩააბარებენ.