მინისტრი პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც იღებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობს. როგორც მან პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, ის მოვლენები, რაც პანკისის ხეობაში განვითარდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან დაბალი კომუნიკაციის შედეგია.

„რაც მოხდა, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა. როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, ძირითადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროზე და ეკონომიკის მინისტრზეც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე. დავინახე ძალიან დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების. ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო, დაბრკოლება ექმნება და ვერ ხორციელდება დროულად. პანკისის მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის, კომუნიკაციის ნაწილშიც. კომუნიკაცია აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას“, – განაცხადა მინისტრმა თურნავამ პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის გამო, ადგილობრივებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აღძრულია სს საქმე. შსს-მ გამოძიება პოლიციაზე თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი თემები