ახალგაზრდებისთვის სოფელი და “Tbilisi Lab” აშენდება

კოჯორში,  25, 000 კვ.მ ტერიტორიაზე ახალგაზრდული  სოფლის აშენება იგეგმება.

კონცეფციის მიხედვით, ახალგაზრდულ სოფელში განთავსდება საცხოვრებელი, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი ხის კოტეჯები, მედიათეკა, ტექნოლაბი, სარეპეტიციო და სამუშაო სივრცეები, საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახები,  სასადილო, ღია კაფე, ღია სპორტული მოედნები, ამფითეატრი, სპორტული დარბაზი და აუზი.

სოფელი წლის ნებისმიერ პერიოდში უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, კონფერენციებს,  კრეატონებს, ჰაკათონებს, ვორქშოფებს, ფორუმებს, ახალგაზრდულ ფესტივალებსა და სპორტულ ღონისძიებებს.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, სოფელი მწვანე კონცეფციით გაშენდება და ერთ მიღებაზე 300-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს.

“ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ახალგაზრდულ ცენტრებთან, ჩვენს დამეგობრებულ ქალაქებთან და მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ თბილისში ჩატარდეს მასშტაბური ახალგაზრდული შეკრებები, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ამისთვის კონკრეტული ინფრასტრუქტურა, ასევე, საფესტივალო სივრცე, ვინაიდან, თბილისი უნდა გახდეს საფესტივალო ქალაქი. კოჯორი იქნება ამ მიმართულებით ძალიან დატვირთული. ერთ მიღებაზე ის 300-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება მწვანე კონცეფციის, ენერგოეფექტური და ხის კოტეჯებით დატვირთული“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

სოფიო ხუნწარიამ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სიახლეზე, Tbilisi Lab-ის პროექტზე, რომელიც თბილისში პროფესიული ლაბორატორიების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, დედაქალაქის 10 რაიონში, თემატური და კრეატიული სივრცეები განთავსდება ახალგაზრდებისთვის. თითოეულ ლაბს თავისი მენტორი ეყოლება.

ლაბორატორიების მიმართულებები იქნება: არქიტექტურა, ციფრული ტექნოლოგიები, ეკოლოგია, დიზაინი და  ხელოვნება. ასევე, იფუნქციონირებს საკონსულტაციო სივრცე, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის მსურველი ახალგაზრდებისთვის. აღნიშნულ ლაბორატორიებში სარეპეტიციო დარბაზები განთავსდება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სივრცე, სადაც დაუკრავენ.

მსგავსი თემები