ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლის დატოვებისკენ მოუწოდებენ

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭო აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლის დატოვებისკენ მოუწოდებს,  მას შემდეგ, რაც 28 ივნისს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.

„ბაიდენს შეუძლია, ყველაზე დიდი საჯარო სამსახური გასწიოს და გამოაცხადოს, რომ მეორე ვადით კენჭს არ იყრის. დემოკრატებს ჰყავთ ლიდერები, რომლებიც უკეთესად არიან მომზადებული, რომ ტრამპთან შედარებით მკაფიო, მყარ და ენერგიულ ალტერნატივად გამოჩნდნენ. პარტიას ქვეყნის სტაბილურობით, უსაფრთხოებით გარისკვის მიზეზი არ აქვს, მათ არ აქვთ მიზეზი, დააძალონ ამომრჩეველს, არჩევანი ტრამპის და ბაიდენის ნაკლოვანებებს შორის გააკეთონ. ძალიან დიდი ფსონია, იმედოვნებდე, რომ ამერიკელები უგულებელყოფენ ან უარყოფენ ბაიდენის ასაკს, რომელსაც საკუთარი თვალით ხედავენ“, – წერს გამოცემა.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭო აცხადებს, სიმართლე არის ის, რომ ბაიდენმა გამოცდა ვერ ჩააბარა. საბჭოში აღნიშნავენ იმასაც, რომ დებატების დროს ბაიდენი ცდილობდა, ტრამპის პროვოკაციებისთვის ეპასუხა, გამოეაშკარავებინა მისი ტყუილები, წარუმატებლობა და საშიში გეგმები. საბოლოოდ კი, როგორც სარედაქციო საბჭო წერს, „ნიუ იორკ თაიმსი“ ბაიდენს კვლავ დაუჭერს მხარს, თუ არჩევანის გაკეთება ისევ მასა და ტრამპს შორის მოუწევთ.

მსგავსი თემები