გუნდს თავდაჯერებულობა არ აკლია – სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, ნაკრებს მეტოქესთან უმძიმეს დაპირისპირება ელის.

„ჩვენს მეტოქეს მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბურთი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს”- ამბობს ვილი სანიოლი.

ვილი სანიოლის თქმით, ესპანეთი დიდი გუნდია, თუმცა ისინი აჩვენებენ ევრეოპას, რომ ბურთის კონტროლი შეუძლიათ. სანიოლი ახალ გადაწყვეტილებებსაც აანონსებს.

„ესპანეთიც პორტუგალიასავით დიდი გუნდია, მაგრამ გვინდა, მათ და ევროპას ვაჩვენოთ, რომ კარგები მხოლოდ დაცვაში თამაშისას არ ვართ და ბურთის კონტროლიც შეგვიძლია. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და ხვალაც იმავეს ვეცდებით. მხოლოდ დაცვაზე ფიქრით არაფერი გამოგვივა. ესპანეთს ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდურადაც ძალიან მაგარი გუნდია. თუმცა, ვფიქრობ, ჯგუფურ ეტაპზე კარგი რაღაცები საქართველომაც აჩვენა.

ხვალ ახალი მატჩია და ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. თავდაჯერებულები ვართ, რადგან დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირზე თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცა“- აღნიშნა მან.

მწვრთნელმა წარსულში, ესპანეთთან წაგებული მატჩიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მტკივნეული მარცხი კარგი გაკვეთილი იყო.

„შემოდგომაზე ესპანეთთან წაგებაზე (1:7) ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ჩვენთვის რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში წინსვლისთვის ესეც საჭიროა, რადგან სირთულეების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი აზრით, დღეს აქ რომ ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მტკივნეული მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო”- აცხადებს სანიოლი.

 

 

 

მსგავსი თემები