სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს EU-სთან მოლაპარაკებების დაწყებას – ,,სასამართლოს გუშაგი”

,,პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი”,  – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” განცხადებაში პარლამენტის მიერ, უზენაესის სამი მოსამართლის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

“ოცნებამ” ბადრი შონიას, გიზო უბილავასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე დღეს უყარა კენჭი და 80 და 78 -78 ხმით დაამტკიცა.

,,სასამართლოს გუშაგი” აღნიშნავს, რომ “ოცნებამ” დახურულად გამოაცხადა კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული მოთხოვნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რაც სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას.

,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას სასამართლოში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის დასკვნის თანახმად, კეთილსინდისიერების შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და სასამართლოების თავმჯდომარეებს. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ დაიწყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი დახურულადაც კი გამოაცხადეს. ეს კი სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას.

დღეს პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება უარს აცხადებს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე, საქართველოს აშორებს ევროკავშირს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები