,,ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

0 მომხრე – 63 წინააღმდეგი “ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ამის შემდეგ კი პროექტის თავდაპირველ რედაქციას უყარა კენჭი და 78 ხმით მიიღო.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე, ვეტო 13 ივნისს დაადო.

ცვლილებები არ მოიწონა არც ვენეციის კომისიამ. საერთაშორისო ორგანიზაცია დასკვნაში წერს, რომ ეს ცვლილებები აზიანებს საარჩევნო გარემოს და გზას უხსნის ცესკოს ერთპარტიულად დაკომპლექტებას.

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა არც სამოქალაქო სექტორის, არც ოპოზიციის და არც საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები.

მსგავსი თემები