,,ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა „ოქროს ბურთის“ ხუთგზის გამარჯვებული კრისტიანო რონალდო, რომელსაც მატჩის შემდეგ მაისური ხვიჩა კვარაცხელიამ გაუცვალა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პრესკონფერენციაზე ეს ფაქტიც აღნიშნა და ამ გამარჯვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. დღეს საუკეთესო დღეა ჩვენს ქართულ ცხოვრებაში, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. ალბათ, არავის ეგონა, რომ ჩვენ დღეს ჯგუფიდან გავიდოდით, მაგრამ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. სადაც ერთი პროცენტი არის შანსი, ყველაფერს შეძლებ. ეს დავაზუსტეთ და ჩვენი ძალა ყველას ვაჩვენეთ.

ვერ წარმოვიდგენდი, რაც რონალდოსთან მოხდა. თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა. ის დიდი ფეხბურთელი და პიროვნებაა. იტალიის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს წარმატება უფრო მეტია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

 

მსგავსი თემები