,,ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში” – საერთაშორისო მედიის გამოხმაურება

საქართველო-პორტუგალიის მატჩს საერთაშორისო მედია ეხმაურება და ჩვენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას ტურნირის მთავარ სენსაციად აფასებს. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გამოცემები ჯვაროსნების ორგანიზებულ თამაშს და თავდადებას აღნიშნავენ და წერენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა ყველა პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. საერთაშორისო კომენტატორები განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოარჩევენ.

,,გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმამაღალი ღრიალი გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში”, – წერს CNN საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე.

,,საქართველომ გააოგნა პორტუგალია… კრიშტიანუ რონალდუს უგოლო სერია გრძელდება. 28-ე წუთზე მას ყვითელი ბარათიც აჩვენეს”, – წერს independent და მატჩს დეტალურად მიმოიხილავს.

,,ეს შესანიშნავი მიღწევაა საქართველოსთვის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ამჟამად ჩაძირულია პოლიტიკურ არეულობაში საკამათო “უცხოური გავლენის” კანონის გამო”, – აღნიშნავს france24.

,,საქართველო 2-0 პორტუგალია: დებიუტანტებმა გააოცეს კრიშტიანუ რონალდუ და მისი თანაგუნდელები პირველი დიდი ტურნირის მოგებით”, – წერს dailymail და აღნიშნავს ,,ევროზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ერისთვის მხოლოდ აქ მოხვედრა საკმარისი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება შაბათს ესპანეთის წინააღმდეგ, ვილი სანიოლი და მისი ბიჭები გმირებად დარჩებიან”.

მსგავსი თემები