თბილისსა და რეგიონებში ხალხი ისტორიულ გამარჯვებას აღნიშნავს

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გულშემატკივარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ადევნებდა თვალს. საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ კი, დედაქალაქში საყოველთაო ზეიმი დაიწყო. ჩვენი ნაკრების მერვედფინალში გადასვლას, თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს სიმღერით, სიგნალებით, საყვირებითა და აპლოდისმენტებით ულოცავდა, საზეიმო მსვლელობა დედაქალაქში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

თბილისის გარდა, ზეიმი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობამ ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და თელავში დაძაბულ თამაშს სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნა თვალი, მატჩის შემდეგ კი ისტორიული გამარჯვება ქუჩებში სახალხო ზეიმით აღნიშნეს.

2:0 საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედ-ფინალშია! ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან – პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებით მოიპოვა.

ანგარიში მატჩის პირველივე წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მეორე ტაიმში კი გიორგი მიქუატაძის პენალტით საქართველო ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ორდღიანი შესვენება გამოცხადდა. 30 ივლისს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები