შესაძლებელია, საქართველო საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდეს – უკრაინის პრეზიდენტმა დელეგაცია გამოგზავნა

უკრაინის პრეზიდენტის – ვლადიმის ზელინსკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოშია. ის, პრეზიდენტმა თბილისში კონკრეტული დავალებით მოავლინა. თემა ეხება უკრაინელ ქალბატონს იულია სუსლიაკს, რომელსაც ქართული მხარე ადამიანებით ვაჭრობას ედავება.

უკრაინის სახელმწიფოს დელეგაცია თბილისში რამდენიმე დღეა იმყოფება. მათ ყველა მტკიცებულება და დოკუმენტაცია გააჩნიათ, რომ დაკავებული იულია სუსლიაკი უდანაშაულოა და ათივე ბავშვი, რომელთა გაყიდვის მცდელობასაც დაკავებულს ედავებიან, მისი შვილები არიან.

უკრაინიდან საქართველოში შემოვიდნენ ბავშვების ბებიებიც. უკრაინის დელეგაცია ითხოვს, ბავშვები უკრაინაში დაბრუნდნენ და უდანაშაულოდ დაკავებულმა საპატიმრო დატოვოს.

„მრავალშვილიანი დედა, იულია სუსლიაკი 04/26/19 წ არასრულწლოვანი ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით უსაფუძვლოდ დააკავეს. მასთან ერთად იყო 10 მცირეწლოვანი შვილი. ფაქტობრივად, სამართალდამცავებმა დედა და მისი ათი შვილი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დააკავეს. გამოძიების მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ყველა ბავშვსა და დედას – იულია სუსლიაკს შორის ნათესაური კავშირი არსებობს. ასევე ექსპერტებმა დაადასტურეს ოჯახის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტის ავთენტურობა“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა.

დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში.

„უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენლები დაიცავენ თავიანთ მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების თვითნებობისგან და მოითხოვენ უკრაინის მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნებას“ – ასეთია მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი.

დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, პროკურატურასა და საქართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოებში.

როგორც დელეგაციის წევრებმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ბავშვები მათთვის შეუსაბამო გარემოში იმყოფებიან და ისინი, დაუყოვნებლივ, უკრაინაში უნდა დაბრუნდნენ: „თვენახევარზე მეტია, ბავშვები, რომელთაგან შვიდის ასაკი არ აღემატება სამ წელს, იმყოფებიან უცხო პირებთან, მათთვის განსხვავებული ენისა და უცხო კულტურულ გარემოში. სასამართლომ მიიღო გადწყვეტილება მოზარდების დაკითხვის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს გადაწყვეტილება არ არის შესრულებული. საქართველოს მიერ ხელმოწერილი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციები პრიორიტეტულია ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებაში. რომლის მიხედვით განსაზღვრულია პირობა -უცხოეთში მეურვეობის გარეშე დარჩენილი მცირეწლოვანი მოქალაქის სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ. ამავე დროს, საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, მოზარდი ბავშვების დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს სამშობლოშიც. საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე მიიღო სუსლიაკის ოჯახის საჩივარი და აპირებს ჩაერთოს საქმის მიმდინარეობაში“.

იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად დადასტურდა, რომ ათივე ბავშვი დაკავებული ქალბატონის შვილია და მას ბავშვების გაყიდვასთან არანაირი კავშირი ჰქონია, შესაძლებელია, საქართველომ კიდევ ერთ სკანდალში გაყოს თავი. დაცვის მხარე სწორებას სტრასბურგისკენ აკეთებს.

საქმის დეტალებზე, დელეგაციის წევრები, 11:30 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებენ.








მსგავსი თემები