დაღესტანში ოლქის უფროსი, რომლის შვილებიც სავარაუდოდ თავდასხმებში მონაწილეობდნენ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვი თანამდებობიდან გადააყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ომაროვის ორი ვაჟი – ოსმან და ადილ ომაროვები, ასევე მისი ძმისშვილი აბდუსამად ამაძიევი 23 ივნისს, დერბენტსა და მაჰაჩყალაში მომხდარ თავდასხმებში მონაწილეობდნენ.

მაგომედ ომაროვი კვირას, ტერაქტიდან მალევე დააკავეს. მედიის ცნობით, დაკითხვისას მან თქვა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იცოდა მისი ვაჟებისა და ძმისშვილის კავშირების შესახებ ვაჰაბისტებთან, თუმცა მისივე თქმით, ბოლო წლებში შვილებთან ურთიერთობა არ ჰქონია.

დაღესტანში მომხდარის ვერსიებზე ოფიციალურად რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ჯერ არ საუბრობენ. რუსეთის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ტერორისტული თავდასხმა, სავარაუდოდ, უცხოეთიდან იყო ორგანიზებული, ზოგიერთმა კი უკრაინა დაადანაშაულა.

მაჰაჩყალასა და დერბენტში დაღუპულთა გამო, დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმებს 20 ადამიანი ემსხვერპლა და 46 დაშავდა. 7 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულთა შორის არიან პოლიციელები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ერთი სასულიერო პირი. რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა 5 თავდამსხმელი მოკლეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება „ტერორისტული თავდასხმის“, „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის ქურდობის“ მუხლებით დაიწყო.

შეიარაღებული პირები 23 ივნისს, დაღესტნის ქალაქებში – მაჰაჩყალასა და დერბენტში თავს დაესხნენ ეკლესიას, სინაგოგასა და პოლიციის საგუშაგოს.

მსგავსი თემები