“მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს” – ვილი სანიოლი ბუდუ ზივზივაძეზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მწვრთნელი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე ისაუბრა. ვილი სანიოლი ამბობს, რომ ზივზივაძემ შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიქაუტაძე კარგად თამაშობს.

„ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე: რაც შეეხება ბუდუს, არ მგონია ეს შეკითხვა რელევანტური. მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს. გუნდში კონკურენციაა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპონენტებს ვაკვირდებით და ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. მათ თამაშებს განვიხილავთ და ყველა სუსტი, თუ ძლიერი მხარე კარგად ვიცით. ყოველთვის ვიძახი, რომ მთავარი ჩვენი შემართებაა და არა მეტოქის თამაში“- ამბობს სანიოლი.

ვილი სანიოლის თქმით, მომდევნო მატჩში ცვლილებები იქნება, თუმცა ის  ინფორმაციას არ აკონკრეტებს.

„თუ ჩვენს ხასიათს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა. ცვლილებებზე ვერ გიპასუხებთ. ეს შეჯიბრია, სადაც ზოგჯერ ცვლილებების გაკეთება საჭიროა. ამას ახალი ენერგია შემოაქვს. მთავარია ეს შანსი კარგად გამოვიყენოთ, რათა შემდგომში უფრო დიდ გუნდებს ვეთამაშოთ. ვფიქრობ, ცვლილებები იქნება, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

ვფიქრობ, ხალხი განსხვავდება, ზოგს ნაკლები შემართება აქვს, ზოგს მეტი. თუ ყოველთვის შედეგზე ფოკუსირდები, ყოველთვის კმაყოფილი ვერ დარჩები. უნდა შეაფასო, რა გააკეთე კარგად და რა ცუდად. ასეთი თამაშის შემდეგ ცოტა გულდაწყვეტილები ვიყავით, მაგრამ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გულდაწყვეტა მაინც წინგადადგმული შედეგია“- განაცხადა სანიოლმა.

სოცილალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრები აქტიურად განიხილავდნენ, საქართველო-თურქეთის მატჩში ბუდუ ზივზივაძის მოედანზე ბოლო მომენტში შემოყვანას. საზოგადოების ნაწილი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.

საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები