უკრაინაში კიდევ ერთი პრორუსული პარტია აკრძალეს

უკრაინაში კიდევ ერთი პრორუსული პოლიტიკური პარტია ,,ჩვენი რეგიონი” აიკრძალა. უსაფრთხოების სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, მერვე ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი, პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ, დააკმაყოფილა.

SBU-ს გამოძიებით, აღნიშნული პოლიტიკური ძალის ცალკეული ლიდერები და წევრები უკრაინის წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობაში არიან ჩართულნი. ისინი ავრცელებდნენ ანტიუკრაინულ პროპაგანდას, კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის მოწოდებებს, მათი ზოგიერთი წევრი კი ღიად უჭერს მხარს რუსულ აგრესიას უკრაინაში.

უკრაინის უსაფრთხოების ცნობით, პარტიის რეგიონული ფილიალების უმეტესობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ფუნქციონირებს და ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებები უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, პარტიის წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიის ქონება და სხვა აქტივები სახელმწიფოს გადაეცემა. მთლიანობაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 19 პრორუსული პოლიტიკური პარტია აკრძალეს.

მსგავსი თემები