„ვინც სამეფო წოდებებსა და ორდენებს ყიდის, მან მეფობის შანსი დაკარგა, თავი დაისამარა“ – „სამეფო კლუბი“ მეფობის კანდიდატზე

„სამეფო კლუბი“ კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ემზადება. კონსტიტუციური მონარქია ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალია, აცხადებენ კლუბში. იმასაც ამბობენ, რომ დაბინძურებულ და დაზიანებულ კანდიდატს მეფედ არაფერი ესაქმება და სწორებას ესპანელ ბაგრატიონებზე აკეთებენ. სამეფო ტახტზე და მეფობის კანდიდატზე, „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელმა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„სამეფო კარში არ იქნება წოდებები, გამორიცხულია. ის ვინც საუბრობს წოდებებზე და ყიდის წოდებებს ან ჩუქნის, მათ უკვე დისკრედიტაცია მოახდინეს საკუთარი თავის. არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება, შევიდნენ ერთმანეთთან უცნაურ კონკურენციაში რამდენიმე ათასის გამო და საბოლოოდ, ამით თავი დაისამარეს. ზიანი მიაყენეს კონსტიტუციური მონარქიის იდეას“, – აღნიშნა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და ისიც განმარტა, რომ წოდებების გამყიდველ კანდიდატში დავით ბაგრატიონ მუხრანელს გულისხმობდა.

როგორც გია ბურჯანაძემ დააკონკრეტა, აღნიშნული განცხადებებით, დავით ბაგრატიონი უკმაყოფილოც იქნება, თუმცა, „სამეფო კლუბთან“ პრეტენზია ვერ ექნება.

„ჩვენი იდეისთვის ზიანის მიყენებას არავის ვპატიობთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ვერ იქნება დაზიანებული პიროვნება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. დაზიანებულ პიროვნება მოვიაზრებ როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ისე გრუზინსკების საგვარეულოს. ამ დავის გამო, მას მეფობის შანსი არ აქვს, თუმცა ამ დავამდეც ნაკლები ჰქონდათ შანსი და ახლა საერთოდ ეს ბოლომდე მიიყვანეს“ – აღნიშნა „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები