11 წლიანი პატიმრობა – სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დადგა 

“მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ჩემი შვილის, ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისა და სპეკულაციებისგან ყველანაირად თავი შეიკავონ” –  ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სააპელაციო სასამართლომ, არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება გ.ბ.-ს,  მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

„წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც. პირველად გამიჩნდა შეგრძნება, რომ სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება. არავინ იფიქროს, რომ მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ყველანაირად თავი შეიკავონ ჩემი შვილის, ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისა და სპეკულაციებისგან. უკაცრავად ამ თქმაზე, მაგრამ ჩემზე უკეთ არავინ იცის, მე ჩემი შვილი როგორ დავიცვა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.

მსგავსი თემები