ლენტეხის მერია მეწყერულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლენტეხის მერია მეწყერულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო (წვიმა,სეტყვა) ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კერძოდ (ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე) გამოიწვია მეწყრული პროცესი, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ჩაიკეტა.

დილიდანვე მყისიერად მოხდა სტიქიის ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო.

მობილიზებულია ენერგო-პროჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

სტიქიის ადგილზე დილიდანვე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები