გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამჟამად, სტადიონზე ექვსი დიდი ეკრანი მონტაჟდება, ასევე, სტადიონის გარეთ მოწყობილია კვების ზონა.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ხვალ მართლაც ძალიან დიდი დღეა. დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი დიდი ხანია ველოდებით. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დიდი სიხარული გვაჩუქეს. ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნება იყო, ჩვენი ეროვნული ნაკრები ერთხელ მაინც მოხვედრილიყო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე და დღეს გვაქვს ამის შესაძლებლობა. ხვალ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბიჭებს. რაც შეეხება მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ქართველი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ვერ მოახერხეს გერმანიაში გამგზავრება, ხვალ, მიხეილ მესხის სტადიონზე შესაძლებლობა ექნებათ, უყურონ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები