შსს- მ 55 მილიონი ლარის ნარკოტიკები გაანადგურა

178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“ – ეს იმ ნარკოტიკული საშულებებს მცირე ჩამონათვალია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დროს ამოიღო და დღეს გაანადგურა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-დან აცნობეს, ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია. ნარკოტილები სისხლის სამართლის 737 საქმეზე, სხვადასხვა დროს, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ“ – აცხადებენ შსს-ში.




მსგავსი თემები