ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის, საბურთალოზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბურთალოზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი. საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს, 1990 წელს დაბადებული ნ. კ-ს 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

როგორც შსს-დან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, “ბრაუნინგის” და “ტოზის” მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.




მსგავსი თემები