კვალიფიკაცია, კომპეტენცია, კეთილსინდისიერება – მოსამართლეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები

” ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ობიექტურ კრიტერიუმებზე იქნება დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოც იგივე სულისკვეთებით იმოქმედებს და ეს არის გარანტია და საფუძველი იმისა, რომ საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე სათანადო კანდიდატებს ავირჩევთ”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახლა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების 144 კაციანი სია 50 კაციან სიამდე უნდა დავიდეს და ამ სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს როგორც უმრავლესობის, ასევე, უმცირესობის წარმომადგენლები.

“შესაბამისად, ამ პროცესს ჩვენც უნდა დავაკვირდეთ. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ჩაივლის. შესაბამისად, ყველა ერთად გამოვიტანთ დასკვნებს უკვე პირველ ეტაპზე. ამის შემდეგ, გაგრძელდება განხილვა. პროცესი იქნება საჯარო, იქნება ინტერვიუები, იქნება გასაუბრებები. ამის საფუძველზე მოხდება სიის დაყვანა 20 კაცამდე და ეს პროცესიც ჩაივლის, ბუნებრივია, საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. დაკვირვების საშუალება თითოეულ ჩვენგანს ექნება. ამის შემდეგ, უკვე საბოლოოდ მოხდება 20 კანდიდატის წარდგენა პარლამენტისთვის და პარლამენტი საბოლოო ჯამში ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ყველა საფუძველი არის შექმნილი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარლამენტი ყველა შესაბამისი ობიექტური კრიტერიუმით იხელმძღვანელებს. “ეს არის გამოცდილება, კვალიფიკაცია, წარსული, დღევანდელი საქმიანობა. ეს არის ყველა ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც არის ასახული, მათ შორის, იმ კანონში, რომელიც ჩვენ მივიღეთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების 144 კაციანი სია უკვე გამოქვეყნდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე არიან.





მსგავსი თემები