,,ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში განვიხილავთ ე.წ. შეთანხმებას ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე” – გრიგოლ ლილუაშვილი

,,ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო გასული წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შესახებ ინფორმაცია, ცხადია, აღნიშნული პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად აუცილებლად გამოიყენებდა”, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმად, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ლილუაშვილმა, ისაუბრა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებითაც, რომელიც მისი შეფასებით, რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების მიზნით.

„ჩვენი შეფასებით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება და მათი მომსახურება ნაკლებად სავარაუდოა.  ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

გარდა ამისა, ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში განვიხილავთ რუსეთის და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებას ოკუპირებული ქალაქ სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, რომლის მართვის უფლება დიდწილად რუსეთის ფედერაციის ხელში იქნება. აღნიშნული კი რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები