ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით, 1 370 076,00 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული ჩინოვნიკები ბრალს არ აღიარებენ. აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბაგრატ ხალვაში დანაშაულს არ აღიარებენ. მათთან ერთად, კიდევ დაკავებულია 4 მაღალჩინოსანი და გამორიცხული არ არის, ფინანსური მაქინაციების ბრალდებით, დაკავებები კიდევ გაგრძელდეს.
დაკავებულები: არჩილ ვანაძე და ბაგრატ ხალვაში ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. რამინ პაპიძე ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე და ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ბაგრატ ხალვაში ბრალს არ აღიარებენ. დოკუმენტებზე პასუხისმგებელი ყველა იყო, თუმცა ამტკიცებენ, რომ ტენდერი კანონის შესაბამისად ჩატარდა, დოკუმენტებიც შესაბამისად შემოწმდა. ისინი კომპანიის მხრიდან თაღლითობაზე საუბრობენ”, – აცხადებს ადვოკატი.
იგივე პოზიციაზეა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.
„ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი, მხოლოდ დაკავებაა. ის ამბობს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ჩვენ შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლოს წარვუდგენთ და დადასტურდება მისი უდანაშაულობა. კომპანია რამდენად იყო ყალბი დოკუმენტებით – გიორგის ერმაკოვისთვის არ იყო ცნობილი, ფაქტიურად მას ამ კომპანიის დოკუმენტებთან ხელი არ მიუწვდებოდა”, – აცხადებს ადვოკატი ჯემალ კიკნაძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე გუშინ დააკავეს. აჭარის პროკურატურამ, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა.
საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისთვის, ამ ეტაპზე, დაკავებულები არიან: დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი; აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე; ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე; ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში და ნუკრი ხინთიბიძე; ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.
პროკურატურის მტკიცებულებით, ბიუჯეტიდან გაფლანგულია 1 370 076 ლარი.