,,ჯერ ქალებს დაუმიზნა იარაღი, შეეცადა გამორთმევას და ორჯერ გაისროლეს, ინვესტორის მხრიდან არის მოტივირებული” – რა მოხდა ბალდაში

ბალდაში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ბალდის კანიონის გასხვისების მოწინააღმდეგეები დარწმუნებული არიან, რომ გასულ ღამეს მომხდარი თავდასხმის უკან ინვესტორი დგას. ერთ-ერთი პირი იხსენებს და ყვება დეტალებს, რომელიც ძმების ინდია და არჩილ ბჟალავას დაჭრას უძღოდა წინ.

,,ეს ბიჭები მოდიოდნენ კარავში. ჯერ თურმე ასულან მთაში იარაღის ჩამოსატანად და მერე კარვისკენ რომ მოდიოდნენ, გზად ქალბატონები და მოდიოდნენ, რა დროსაც, ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი ჩამოვიდა, ქალებს დაუმიზნა იარაღი და ამ დროს მინდო წავიდა, რომ ეს იარაღი როგორმე გამოერთმია, რა დროსაც ორჯერ გაისროლეს იმათმა.

იარაღი წაართვა და ამ პროცესში დაჩეხეს რასაც ქვია, სასიკვდილოდ გაიმეტეს. ზუსტად ვიცით, რომ პროტესტს მოჰყვა ეს ამბავი და იმაშიც დარწმუნებულები ვართ, რომ ინვესტორის მხრიდან არის მოტივირებული და ინვესტორს აქვს რაღაც ჩაწვეთებული, რომ ეს გაეკეთებინათ”, – ამბობს ბალდის კანიონის მცველების პროტესტში მონაწილე ერთ-ერთი პირი.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით კი, მუშები, რომლებიც მათთან მუშაობენ, ყოველდღიურად მუქარისა და ზეწოლის ქვეშ არიან.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული თავდასხამა მარტვილში, სოფელ ბალდაში გასულ ღამეს მოხდა. დაჭრილია ორი მამაკაცი. კარავში მყოფ ძმებს – მინდია და არჩილ ბჟალავებს, რომლებიც 7 თვეზე მეტია ბალდის კანიონის პრივატიზაციას აპროტესტებენ, სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. სავარაუდო დამნაშავეები ასევე ძმები, გელა და გიგა ხურცილავები არიან. ისინი პოლიციამ უკვე დააკავა.

დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო.

მსგავსი თემები