ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს – არიან დაჭრილები

მარტვილში, სოფელ ბალდაში საპროტესტო კარავში მყოფი ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დაჭრილები არიან ძმები მინდია და აჩი ბჟალავები. ისინი შვიდ თვეზე მეტია კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ სხვა ადგილობრივებთან ერთად. სხეულის სხვადასხვა არეში მინდია ბჟალავას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, მსუბუქი დაზიანებები აქვს მეორე ძმას.

თავდამსხმელები სანადირო თოფებით და დანებით იყვნენ შეიარაღებული. ბალდის კანიონის მცველი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

,,გინებით მოგვივარდნენ კარავში, შეურაცხყოფები რა თქმა უნდა, გინებები, ერთი ამბავი, ტყვიებით სავსე ქამრით, დანებით, დანები თუ ჰქვია მაგას, ხანჯლებით, წავიდა გაწევ-გამოწევა, წავართვით დანები, მერე დამირეკეს, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, მანქანაზე დავჯექი, წამოვიყვანეთ მარტვილის საავადმყოფოში, მანამდე დაჭრეს, მერე მოვიდნენ ჩვენთან, ალბათ ნასვამები იყვნენ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სავარაუდო დამნაშავეები, ასევე ძმები გელა და გიგა ხურცილავები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები, ბალდის კანიონის “კანიონ- 350-ის”, მფლობელის მამუკა მერკვილაძის ახლობლები არიან.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო.

მსგავსი თემები