ემიგრანტებს, მედიის ჩართულობით, ერთ-ერთი პრობლემა მოეხსნათ

„ემიგრანტები საკონსულოს არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობენ და საქმეში საგარეოს აუდიტის ჩართვას ითხვენ“ – ამ სათაურით სტატია „მედიაცენტრ მთავარში“ 14 მაისს გამოქვეყნდა.

დღევანდელი მდგომარეობით, როგორც ჩანს, შესაბამისმა უწყებებმა ემიგრანტების მხრიდან წამოსულ პრეტენზიებსა და პრობლემებს ყურადღება მიაქციეს და ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სტატიაში საუბარი იყო იმ სიკეთეზე, რითაც ემიგრანტებს უნდა ესარგებლათ. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტს უფასოდ მიიღებდნენ.

ვინაიდან საბერძნეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლები ყველაზე მრავალრიცხოვნად არიან წარმოდგენილები, მინისტრის აღნიშნული აქტით ათასობით საქართველოს მოქალაქე დაინტერესდა, თუმცა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისგან სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ. პრობლემა კი იმაში მდგოარებდა, რომ საკონსულოში ემიგრანტების მიღებაზე რეგისტრაცია ელექრონულად ხდებოდა, თუმცა, ადგილები ვადის ბოლომდე (30 ივლისის) ჩათვლით შევსებული იყო და სურველები რეგისტრაციას ვერ გადიოდნენ.

ემიგრანტების პრეტენზია კი შემდეგი იყო: „საელჩოში მოქალაქეებს 9:00-საათიდან 13:00- საათამდე იღებენ. მოქალაქეების მიღება ყოველ 20 წუთში ხდება. საათში 3 ადამიანს იღებენ რაც დღეში 12 ადამიანია. მომსახურებების ჩამონათვალშიც 43 მომსახურება აქვთ მითითებული, რომელზეც ადამიანი საკონსულოში შეიძლება მივიდეს წინასწარ ელექტრონულად შეხვედრის დანიშვნით. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ბევრ ემიგრანტს უნდა, ყველას აქვს სურვილი, აიღოს (გამოცვალოს) ბიომეტრიული პასპორტი, თუმცა ეს შეუძლებელია. დღეს, 13 მაისის მონაცემებით, შეხვედრის დანიშვნისთვის მხოლოდ 3 ადგილია დარჩენილი ისაც 30 ივლისს. რამდენიმე ადამიანი ვცდილობდით დარეგისტრირებას, თუმცა, ვერაფრით მოვახერხეთ. როგორ უნდა ისარგებლოს მოქალაქეებმა ამ შეღავათით, აქციით როცა ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ? ათეულობით და ასეულობით ათასი ადამიანია მხოლოდ საბერძნეთში და ერთი თვის განმავლობაში, დღეში 12 ადამიანის მიღებით, თუნდაც ყველა მხოლოდ ერთ მომსახურებაზე – პასპორტზე რომ მივიდეს, თვეში 372 პასპორტია, ემიგრანტები კი ასჯერ და ათასჯერ მეტნი ვართ. ყველა მსურველს უნდა შეეძლოს ამ აქციით სარგებლობა და საკონსულო 13:00-საათამდე კი არა, მინიმუმ 17:00 საათამდე უნდა მუშაობდეს, რომ ეფექტი იყოს“, – აცხადებდნენ ემიგრანტები „მედიაცენტრ მთავართან“.

„მედიაცენტრი მთავარი“ აღნიშნული პრობლემით დაინტერესდა, დაუკავშირდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე იუსტიციის სამინისტროს და ამის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. საკონსულო მიღებაზე ადგილები გაჩნდა და ემიგრანტებს პრობლემაც მოეხსნათ.

როგორც დღეს საებრძნეთში მცხოვრები ემიგრანტები გვატყობინებენ, საელჩომ, ელექტრონული რიგირ გარდა, თავისუფალი მირებაც დააწესა, რამაც სიტუაცია განმუხტა.

P.S. „მედიაცენტრი მთავარი“-ს რუბრიკა „მოგვწერეთ მთავარი“ სწორედ მსგავსი საკითხების გაშუქებაზეა ორიენტირებული. მოგვწერეთ თქვენი პრობლემის შესახებ და შევეცდებთ, ეს პრობლემა მივიტანოთ ადრესატამდე.

დამატებითი ინფომრაციისთვის მიყევით ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები