ბიბილოვის პარტია აცხადებს, რომ ,,არჩევნები” გაყალბდა და ,,პარლამენტში” არ შევა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ,,ექს-პრეზიდენტის”, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია უარს ამბობს ახალ ,,პარლამენტში” მუშაობაზე „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგები არ გამოქვეყნდება“. პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ უკვე წარადგინა განცხადება ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ,,არჩევნების” დროს, მასობრივ დარღვევებზე საუბრობს. პარტია პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვაზე მიუთითებს.

„ვლადიკავკაზში გახსნილ საარჩევნო უბანზე, 733 ბიულეტენი არა მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი, არამედ ვიღაცამ კრიმინალურად შეცვალა მელანი, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა. მიგვაჩნია, რომ შედეგების აღიარება არის დანაშაული და ღალატი ჩვენი ხალხის მიმართ.

მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ვლადიკავკაზის უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას“, – აცხადებენ პარტიაში.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ცესკოს, ჯერ არ გამოუქვეყნებია ყველა “საარჩევნო უბნის” შედეგები, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია „ნიკასმა“ უკვე განაცხადა, რომ ახალ “პარლამენტში” მანდატების უმრავლესობას იღებენ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „საპარლამენტო არჩევნები“ 9 ივნისს ჩატარდა.

მსგავსი თემები