„ვიქტორ ჯაფარიძესთან კამათის შემდეგ მარიამ წიწაკიშვილის დაკავებას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა“- „გრასი“

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) ინფორმაციით, მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას, რომელმაც აეროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა. ასოციაცია მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება. ასევე გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც – ირინა გურგენაშვილს.

„საუბრისას ადგილზე მოსულმა შსს-ს თანამშრომელმა ჩათვალა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ პოლიციელმა ადგილი მალევე დატოვა. მარიამის დაკავება მოხდა მოგვიანებით, რასაც ჰქონდა ანგარიშსწორების სახე – დეპუტატისთვის მიუღებელი აზრის დამფიქსირებლისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით. მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება, ის დააკავეს და გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში. არ დაუკავებიათ, თუმცა თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც – ირინა გურგენაშვილს, რომელსაც მონაწილეობა აღნიშნულ მოვლენებში საერთოდ არ მიუღია. ირინა გურგენაშვილს ჩამოართვეს პასპორტი და „განუმარტეს“, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მისი ბორტზე არდაშვების შესახებ“- ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. ასევე ამახვილებენ, ყურადღებას იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა.

„მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მოვლენების პარალელურად ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა. ეს იმას ნიშნვს, რომ პოლიციამ მარიამის დაკავებისა და მისი თანმხლები პირისთვის გაფრენის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევისა თუ კითხვების გარეშე მიიღო“- აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისსვე დაიწყო, თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მხარეებს დრო მისცა და პროცესი 19 ივნისისთვის გადადო.

ინფორმაციისთვის, უმრავლესობის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს ე.წ „რუსული კანონის“ მხარდაჭერის გამო მოქალქემ შენიშვნა მისცა.

 

,,უნდა შეგრცხვეთ ყველგან” – მოქალაქე აეროპორტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს (video)

მსგავსი თემები