,,რთულია კომენტარის გაკეთება, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვარაუდით ვერ ვისაუბრებთ” – მაკა ბოჭორიშვილი

,,რთულია კომენტარის გაკეთება, რადგან არც სანქციების შინაარსი ვიცით, არც სია, ვისზე ვრცელდება. ვარაუდების დონეზე რაიმეს თქმა რთულია”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „რთულია იმის შეფასებაც, რას ემსახურება ასეთი აჟიოტაჟი მაშინ, როცა არ სახელდებიან კონკრეტული პირები, ვინ არიან დასანქცირებული ქართული პოლიტიკური ელიტიდან თუ ქართული საზოგადოებიდან“.

„ასევე არ კონკრეტდება საფუძვლები, რაში გამოიხატება შეზღუდვები. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვარაუდით ვერ ვისაუბრებთ. პოლიტიკის ასეთი ინსტრუმენტები თუ არის გამოყენებული, მაშინ კონკრეტიკაც უნდა არსებობდეს. დასამალი არაფერია, საქართველოს გაცხადებული აქვს, რა სურს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობიდან, ეს არის მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობა. ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ, რომ მტკიცედ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ. ამის დასტური იყო ავღანეთი და არა მხოლოდ ავღანეთი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა 6 ივნისს საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.

მსგავსი თემები