დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ,,საპარლამენტო არჩევნებს” მოლდოვა, ლატვია და ისლანდიაც გმობენ

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ,,საპარლამენტო არჩევნებს” მოლდოვა, ლატვია და ისლანდიაც გმობენ.

„საქართველოს მიერ დროებით არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი, მიჰაი პოპსოი.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და სირიას მოუწოდებს, გაიწვიონ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. “სახელმწიფოებრიობის” აღიარება.

„ლატვია გმობს 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ლატვია არ ცნობს არც არჩევნების ლეგიტიმურობას და არც მის შედეგებს. ლატვია იმეორებს საკუთარ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ლატვია მოუწოდებს რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და სირიას, რომ გაიწვიონ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. “სახელმწიფოებრიობის” აღიარება. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღნიშნულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში”, – წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

,,საპარლამენტო არჩევნებთან” დაკავშირებით განცხადებას ისლანდიის საგარეოც ავრცელებს:

„ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს” საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები