დავით გაგუა მედიისთვის ეთიკური რეგულაციების დაწესებას მხარს უჭერს 

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით გაგუა კანონში „საექიმო საქმიანობის შესახებ“ ცვლილებებს მხარს უჭერს და სამედიცინო გადაცდომების თუ დარღვევების  გაშუქებისას გარკვეული რეგულაციების დაწესებას მიესალმება.

​როგორც რესპონდენტმა მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მსგავსი რეგულაციები ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს.   

„პაციენტის ფუნდამენტური უფლებაა სრულად ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის ან დამდგარი შედეგის შესახებ, თუმცა სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარს, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არ მოაქვს შედეგი პაციენტისთვის და ექიმზე ზემოქმედების საშუალება ხდება. საბოლოოდ ორივე მხარე წაგებულია. ეს ეთიკური რეგულაციის საგანია და ასე ხდება განვითარებულ ქვეყნებში. კარგი იქნება, ჩვენთანაც მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდეს ინფორმაცია, როდესაც იქნება შესაბამისი სამედიცინო დასკვნა“, – აცხადებს დავით გაგუა.

აღსანიშნავია, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“კანონში ცვლილებების შეტანის წინადადებით პარლამენტს, „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ მიმართა. ინიციატივა სამედიცინო საქმიანობის გაშუქებასთან დაკავშირებით, მედიისთვის შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, მედიას ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ექიმთა სამედიცინო შეცდომების ან დარღვევების გაშუქება ეკრძალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფორმაციის უარყოფა და 1000-დან 2000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ.
ამავე ინიციატივით იკრძალება პროტესტი, აქციები და დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე.

აღნიშნული ინიციატივის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც პაციენტების ახლობლების მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ფიზიკური შეურაცხყოფისა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეჭრის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. იყო პერსონალის ცემის და მძიმე ტრავმების მიყენების შემთხვევებიც.   

 

მსგავსი თემები