„სავიზო შეზღუდვები მოიცავს “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს“- მილერი

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა. სანქციები “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს, ძალოვნებს და კერძო პირებს ეხება. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. მილერმა ბრიფინგი სწორედ საქართველოს საკითხით გახსნა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, სანქციები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც და სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

“შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა გამოაცხადა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა მიიღო“- განაცხადა მილერმა.

მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ სავიზო აკრძალვები პირველი ნაბიჯია.

„დღეს, ამ პოლიტიკის ნაწილად, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო აკრძალვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს (ასევე მათი უახლოესი ოჯახის წევრებს), რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს” – აცხადებს მილერი.

მილერის განმარტებით,  აშშ იმედოვნებს, რომ საქართვველოს ლიდერები ქმედებებს გადახედავენ.

მსგავსი თემები