„უკრაინას უფლება აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით დაიცვას თავი” – შოლცი

„უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმებისგან”, –  განაცხადა  გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მშვიდობის უზრუნველყოფა არ ნიშნავს თეთრი დროშის აღმართვას ან ძალადობისა და უსამართლობის წინაშე კაპიტულაციას. გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ არ იგეგმება, რადგან რუსეთს სჯერა, რომ შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა ბრძოლის ველზე.

„რუსეთი უკრაინის მიწების მოპარვას ცდილობს. თუ ჩვენ ამ იმპერიალიზმს მივიღებთ, მაშინ ჩვენი უსაფრთხოება იქნება საფრთხის ქვეშ და საფრთხეში იქნება მთელი ევროპის უსაფრთხოებაც. ბოლო პერიოდში, რუსეთმა ახალი “ფრონტი” გახსნა. ხარკოვი, უკრაინის მრავალმილიონიანი ქალაქი, რუსეთის საზღვრიდან არც თუ ისე შორს, მას შემდეგ თითქმის დღე და ღამე რუსული რაკეტებით იბომბება. დაზიანებულია სახლები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები და ქარხნები. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იბომბება უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, კაცები და ბავშვები. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ჩვენს მოკავშირეებთან, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ. უკრაინას უფლება აქვს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით დაიცვას თავი მის ტერიტორიაზე, მის ქალაქებსა და მის მოქალაქეებზე თავდასხმებისგან. ასეთი თავდასხმებისგან თავის დასაცავად, უკრაინას ასევე შეუძლია, გამოიყენოს ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მიერ მოწოდებული იარაღი. მშვიდობას დიპლომატიაც სჭირდება. მტკივნეული პატარა ნაბიჯები. ამიტომ მივემგზავრები უკრაინის სამშვიდობო სამიტზე შვეიცარიაში”, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები