„საზღვრების საკითხი არ შეიძლება, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი იყოს“ – სალომე ზურაბიშვილი

„პოლიტიკური მანიპულაციები ავნებს ორ ქვეყანას და კავკასიაში სტაბილურობას“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეზე გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის, იმეორებს იმას, რაც ადრე თქვა – არ შეიძლება, საზღვრების საკითხი გადაუწყვეტელი იყოს.

„კავკასია არის და იქნება სტაბილურობის რეგიონი. შეიძლება, ვიღაცებს ეს არ მოსწონთ და შეიძლება, ამიტომაც მიდის ზოგი საკითხების მანიპულირება. ამ დღეებში გვესმის აჟიოტაჟი. სახელმწიფოებს შორის არის მოლაპარაკებები და ეს არის განვითარებული, მშვიდობიანი და დღევანდელი 21-ე საუკუნის გზა მეგობართა შორის. ვისაც უნდა, სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს, იმ წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ის პოლიტიკური მანიპულაციები, რაც ამ დღეებში დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარეობს, დამაზიანებელია ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობისთვის და ზოგადად, კავკასიისთვის.

„ეს პოლიტიკური მანიპულაციები ავნებს ორივე ქვეყანას, რადგან ავნებს კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. ჩვენ ეს კარგად გვესმის და შევძლებთ ერთობლივ მუშაობას მიზნისთვის, რომელიც აუცილებელია. რაც ვთქვი აზერბაიჯანში, იმას გავიმეორებ, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება იყოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ჩვენი საზღვრების საკითხი. ვიცით თქვენც და მეც, რომ ამაზე ვიმუშავებთ და დარწმუნებულები ვართ, მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც მისაღები და ჩვენთვისაც მისაღები“ – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის ელჩს საქართველოსი და აზერბაიჯანის სახელმწიფოს.

მსგავსი თემები